ვაშინგტონის გადაწყვეტილება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში სამხედრო ძალების განლაგების შესახებ არის დესტრუქციული ნაბიჯი, რომელიც ზრდის სამხედრო დაძაბულობას, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო.
"გაუმართლებელი დესტრუქციული ნაბიჯები ზრდის სამხედრო დაძაბულობას და ავიწროების პოლიტიკური გადაწყვეტილებების ველს", - განაცხადა გრუშკომ "ინტერფაქსთან" ევროპაში დამატებითი ძალების გადასროლის შესახებ ვაშინგტონის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
გრუშკოს განცხადებით, ეს ნაბიჯი მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას ახარებს, რადგან ამით, "კიევი გააგრძელებს მინსკის შეთანხმების დაუსჯელად საბოტაჟირებას".
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები, ევროპაში არსებული ვითარებისა და რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით, დამატებით ძალებს განალაგებს გერმანიაში, პოლონეთსა და რუმინეთში.
პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, უახლოეს დღეებში გერმანიაში დისლოცირებული ათასი სამხედრო რუმინეთში გადაინაცვლებს და შეუერთდება რუმინეთში მყოფ 900 ამერიკელ ჯარისკაცს. გარდა ამისა, აშშ-დან პოლონეთსა და გერმანიაში კიდევ 2000 ჯარისკაცის გადაყვანა მოხდება.