სალომე სამადაშვილი პარტია "ლელოს" წევრი გახდა. პარტიის ახალი წევრი "ლელოს" ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ წარადგინეს.
პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, სამადაშვილი "ლელოს" პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა.
სამადაშვილის განცხადებით, "ლელო" არის პატრიოტების გაერთიანება და ამიტომაც მათთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვნად მიაჩნია.
"მეორე მთავარი ღირებულება პოლიტიკურ საქმიანობაში არის თავისუფლების დაცვა. იმ თავისუფლების, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთხელ ძალიან სერიოზული საფრთხე ემუქრება. "ლელო" არის თავისუფალი ადამიანების გაერთიანება და ამით არის ჩემთვის საინტერესო. მესამე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ჩვენ გაქვს, ეს არის წარმატების შექმნა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, "ლელო" არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც აქვს უამრავი იდეა იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გახდეს წარმატებული და შესაბამისად, ჩვენი ქვეყანაც იყოს წარმატებული. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ დავუკავშირო ჩემი პოლიტიკური საქმიანობა "ლელოს".
სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" 2021 წელს დატოვა.