მალაიზიაში დაკავებული ქართველების საქმესთან დაკავშირებით ადგილზე ქართული დელეგაცია უკვე გაემგზავრა.
შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ მიაწოდა. მანვე განმარტა, რომ დელეგაციეს შემადგენლობაში საგარეო უწყებისა და პროკურატურის წარმომადგენლები შედიან.
"ისინი ტექნიკურად უზრუნველყოფილნი არიან მოლაპარაკებებისთვის", - განაცხადა კალანდაძემ და აქვე იმედი გამოთქვა, რომ ქართული დელეგაციის წევრები გასაუბრებას შეძლებენ, როგორც გამომძიებლებთან, ისე დაკავებულებთან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორი მოქალაქე მალაიზიელმა სამართალდამცველებმა ოქტომბერში დააკავეს. მათ ნარკოტრეფიკი ბრალდებათ, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით ისჯება.