ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი კიევს ამ კვირაში ეწვევა. აღნიშნულ ვიზიტს ადასტურებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელმაც მოსალოდნელი ვიზიტის თაობაზე ტელეკომპანია "ინტერ"-თან ინტერვიუში ისაუბრა.
კულებას განმარტებით, უკრაინის პარტნიორების კონტაქტები რუსულ მხარესთან უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობს, რუსეთი კი მათგან უკრაინასთან შეთანხმებულ პოზიციებს ისმენს.
"მომდევნო ორი კვირა ამის ნათელი დემონსტრირება იქნება. მხოლოდ მიმდინარე კვირაში ჩვენთან ერთდროულად ჩამოვლენ სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები", - განაცხადა კულებამ.
კულებას განცხადებით, ბორის ჯონსონის ვიზიტის პარალელურად კიევში ჩამოვლენ პოლონეთისა და ნიდერლანდების მთავრობათა მეთაურები - მათეუშ მორავიეცკი და მარკ რუტე.
პრემიერ-მინისტრ ჯონსონთან ერთად, უკრაინას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასიც ეწვევა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიტანელი სტუმრების ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
მანამდე, ბრიტანეთის პრემიერის პრესსპიკერი იუწყებოდა, რომ ჯონსონი გეგმავს ვიზიტს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რათა რეგიონში თავიდან იქნას აცილებული სისხლისღვრა.
ამასთან, მიმდინარე კვირაში ბორის ჯონსონი გეგმავს სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ორშაბათს, 31 იანვარს, იაპონიის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ჯონსონმა იაპონიაში თებერვლის შუა რიცხვებისთვის დაგეგმილი ვიზიტი უკრაინის გარშემო დაძაბულობის ზრდის გამო გადადო.
კულებას განცხადებით, 7-8 თებერვალს უკრაინას ასევე ეწვევიან გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - ჟან-ივ ლე დრიანი და ანალენა ბერბოკი.
"ისინი ჩავლენ დონბასში. პარტნიორებს სწორედ ამისკენ მოვუწოდებდი, საკუთარი თვალით ენახათ რა არის ომი და რა პრობლემებს აწყდებიან იქ მცხოვრები ადამიანები", - თქვა დმიტრო კულებამ.
რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთი კიევის აქტიური მხარდამჭერია. ბოლო ხანებია ხშირად გაისმის ლონდონიდან კრემლის მისამართით მკაცრი გაფრთხილებები.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ბრიტანეთი რუსეთს მკაცრი სანქციებით ემუქრება. ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა მომავალ კვირას პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელს გახდის რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების [გამარტივებულად] დაწესებას.
გარდა ამისა, დღეს გახდა ცნობილი, რომ დიდი ბრიტანეთი გეგმავს გააძლიეროს თავისი სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ევროპაში.