უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების თავმოყრის გამო გამწვავებული ვითარების ფონზე, დიდი ბრიტანეთი გეგმავს გააძლიეროს თავისი სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ევროპაში.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რეგიონში ბრიტანელი სამხედროების გაორმაგებას განიხილავს, ისევე როგორც ესტონეთისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების შესაძლებლობას.
"ეს ნაბიჯი მკაფიო სიგნალს გაუგზავნის კრემლს, რომ ბრიტანეთი არ შეურიგდება დესტაბილიზაციის მცდელობებს და გვერდში დაუდგება ნატოელ მოკავშირეებს რუსეთის მტრობის წინაშე", - განაცხადა ჯონსონმა.
ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემების თანახმად, ესტონეთში 900-ზე მეტი ბრიტანელი სამხედროა განლაგებული და 150 - პოლონეთში. 100-ზე მეტი ბრიტანელი ინსტრუქტორი იმყოფება უკრაინაში, სადაც ისინი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობის ინსტურქტაჟს უტარებენ ადგილობრივ სამხედროებს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მან შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, მოემზადონ მომავალ კვირას აღმოსავლეთ ევროპაში გასამგზავრებლად, რათა "მხარი დაუჭირონ ნატო-ს მოკავშირეებს ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში".
"თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აირჩევს სისხლსა და ნგრევას უკრაინაში, ეს იქნება ტრაგედია ევროპისთვის", - თქვა ჯონსონმა და დასძინა, რომ "უკრაინა თავისუფალი უნდა იყოს თავისი მომავლის არჩევაში".
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ჩასვლას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის ოფისი არაფერს იტყობინება ვიზიტის კონკრეტული ადგილმდებარეობისა და თარიღის თაობაზე. გარდა ამისა, მომავალ კვირას ჯონსონი სატელეფონო საუბარს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.