რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო სამხედრო ინტერვენციის საფრთხის ფონზე, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ჩასვლას გეგმავს. იუწყება დაუნინგ სტრიტი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი არაფერს იტყობინება ვიზიტის კონკრეტული ადგილმდებარეობისა და თარიღის თაობაზე, თუმცა დასძენს, რომ ბორის ჯონსონთან ერთად ვიზიტს სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასიც განახორციელებს.
გარდა ამისა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას ჯონსონი სატელეფონო საუბარს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
მისი თქმით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს უკრაინის საზღვრიდან რუსეთის ჯარების გაყვანის აუცილებლობას და დიპლომატიური მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
"ბორის ჯონსონს გადაწყვეტილი აქვს, გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა და შემაკავებელი ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ ევროპაში სისხლისღვრა", - დასძინა პრესმდივნმა, რომელსაც არც სატელეფონო საუბრის თარიღი უცნობებია საზოგადოებისთვის.
ბოლო ხანებია, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გაფრთხილებით გამოდის რუსეთის მისამართით, უკრაინაში განმეორებით შეჭრის შესაძლო შედეგების თაობაზე და კრემლს დიპლომატიისკენ მოუწოდებს.
"თუ რუსეთი დაიწყებს უკრაინაში შეჭრას, ნებისმიერი ფორმით და მასშტაბით, ეს, ჩემი აზრით, კატასტროფა იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რუსეთისთვისაც", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
დასავლეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვარზე 120 000-მდე ჯარისკაცი განათავსა. მოსკოვი უარყოფს ახალი შეჭრისთვის მზადებას და ევროპელებსა და ამერიკელებს უკრაინის შეიარაღებასა და რუსეთის საზღვრებთან მანევრების ჩატარებაში ადანაშაულებს.