თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური პატიმრობიდან გაათავისუფლეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ღუდუშაურმა ციხე გუშინ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დატოვა. საგამოძიებო უწყებამ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე რამდენიმე თვის წინ დააკავა.
ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს.