საფრანგეთის ხელისუფლება არ უერთდება დასავლეთის ქვეყნების რიგებს, რომელთაც პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს. ამის შესახებ საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპულ საკითხებში კლემან ბონმა განაცხადა.
"ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის სპორტის მინისტრი როქსანა მარასინიანიუ დაესწრება. სავარაუდოდ, ის გახსნის ცერემონიაზე არ იქნება, თუმცა ჩვენს სპორტსმენებს თამაშებზე უგულშემატკივრებს", - განაცხადა ბონმა ფრანგული რადიოს ეთერში.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნია ოლიმპიური თამაშებისთვის დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადება.
შეგახსენებთ, ჩინეთის სინცზიანის პროვინციაში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევების ფონზე, დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პეკინში ოფიციალურ დელეგაციებს არ გაგზავნიან.
ბოიკოტის მიუხედავად, სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ.
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 წლის 4-20 თებერვალს არის დაგეგმილი.