იტალიის მმართველ კოალიციაში შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ სერჯო მატარელას სთხოვეს, დათანხმდეს თანამდებობაზე დარჩენას მეორე ვადით, მას შემდეგ, რაც არაერთგზის მცდელობის მიუხედავად დელეგატებმა ვერ შეძლეს ახალი პრეზიდენტის არჩევა.
იტალიური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავიც ჰქონდა წამოყენებული, ესაუბრა მატარელას და სთხოვა თანამდებობაზე დარჩენა "სამშობლოს კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის". ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, მატარელა "უხალისოდ დათანხმდა" პრემიერის თხოვნას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს მატარელას პოზიციის თაობაზე, თუმცა ერთ-ერთი მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტი მზად არის კიდევ ერთი ვადით ემსახუროს ქვეყანას.
მანამდე ცნობილი იყო, რომ მატარელა გამორიცხავდა მეორე ვადით პრეზიდენტობას.
მარიო დრაგისა და მატარელას საუბრის შემდეგ, პარლამენტში მორიგი, მე-7 კენჭისყრა გაიმართა, სადაც დელეგატებმა მატარელასაც მისცეს ხმა, თუმცა საკმარისი რაოდენობა მაინც ვერ შეგროვდა. მე-7 კენჭისყრაზე მატარელა სასურველ პრეზიდენტად 387-მა დელეგატმა დაასახელა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება გამარჯვებისთვის საჭირო 505-ხმას.
აღსანიშნავია, რომ იტალიის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიულეტენებს არ გამოიყენებენ. დელეგატები თავადვე წერენ სასურველი კანდიდატის სახელებს ქაღალდის ფურცელზე.
მოსალოდნელია, რომ გაიმართება კიდევ ერთი, ამჯერად, მერვე კენჭისყრა.
იტალიაში პრეზიდენტს 7 წლის ვადით, პარლამენტის წევრები და რეგიონული წარმომადგენლები ირჩევენ. ამ წლის არჩევნებში დელეგატების რაოდენობა 1009-ს შეადგენს.
იმისათვის, რომ კანდიდატი გამარჯვებულად ჩაითვალოს, პირველ სამ ტურში საჭიროა დელეგატთა ორი მესამედის (673/1009) მხარდაჭერა, მეოთხე და შემდეგ კენჭისყრებზე გასამარჯვებლად უბრალო უმრავლესობაც (505/1009) საკმარისია.