შეერთებული შტატები მიაღწევს "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის დახურვას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება , - ამის შესახებ აშშ-ი სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, აშშ ამა თუ იმ გზით ეცდება, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-მა არ იმუშაოს", - თქვა ნულანდმა.
ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არის ვაშინგტონი დარწმუნებული იმაში, რომ მილსადენი დაიხურება, ნულანდმა უპასუხა, რომ იგი ეყრდნობა ვაშინგტონის კონსულტაციებს ბერლინთან.
"ჩვენ ვიმუშავებთ გერმანიასთან, რათა მილსადენმა წინ ვერ წაიწიოს", - თქვა ნულანდმა.
ნულანდმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, რუსეთთან შემდგომი მოლაპარაკებებისთვის, როდესაც მოსკოვიც მზად იქნება ამისთვის.
"გუშინ რუსეთმა მიიღო ჩვენი საპასუხო წერილი და გვითხრა, რომმ გარკვეული დრო სჭირდება მათ შესასწავლად. ამიტომ, ახლა ბურთი მათ მხარეზეა. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ორმხრივ დონეზე, ნატოს, ეუთოს ფარგლებში, როგორც კი რუსეთიც მზად იქნება", - განაცხადა მან.
ვიქტორია ნულანდმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახლა დიპლომატიის დროა.
ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ვაშინგტონი იმუშავებს ბერლინთან, რომ მილსადენის პროექტმა წინ ვერ წაიწიოს.
ამასთან, დღეს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, საპასუხო ზომებს შორის განიხილება სანქციების დაწესება რუსული მილსადენის პროექტის წინააღმდეგ.
მანამდე, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შეჩერება არ გამორიცხა.
"ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დასრულდა.
ნოემბერში გერმანიის ფედერალურმა ქსელის სააგენტომ გაზსადენის სერთიფიკაციის პროცედურები შეაჩერა. სააგენტოს განცხადებით, სერთიფიცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ოპერატორი წარადგენს დოკუმენტებს გერმანიაში კომპანიის შექმნის შესახებ, რომელიც დაკავებული იქნება "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მართვით.