გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, საპასუხო ზომებს შორის განიხილება სანქციების დაწესება რუსული მილსადენის პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ ბერბოკმა გერმანიის ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ანალენა ბერბოკმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში შესაძლო მძიმე შედეგების შესახებ.
"ახალი აგრესიის შემთხვევაში, ჩვენ ხელთ გვიპყრია რეაგირების ფართო სპექტრი, მათ შორის გაზსადენის წინააღმდეგ", - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, ანალენა ბერბოკმა კვლავ გამოთქვა მოსკოვთან დიალოგის მზადყოფნა და დასძინა, რომ "ვინც ლაპარაკობს, არ ისვრის".
გარდა ამისა, ბერბოკმა ხაზი გაუსვა დასავლეთის მკაცრ პოზიციას, რომელიც მიუღებლად მიიჩნევს ახალ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
"ევროპის უსაფრთხოების წესრიგის ძირეული საფუძვლები არ შეიძლება მოლაპარაკებების საგანი იყოს", - თქვა მინისტრმა.
მან ასევე მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ.
"ძნელია, სხვა რამედ ჩათვალო და არა მუქარად ის, რომ რუსეთს, მკაფიო მიზეზის გარეშე, ათასობით ჯარისკაცი და შეიარაღება ჰყავს თავმოყრილი უკრაინის საზღვრებთან", - თქვა მინისტრმა ბერბოკმა.
ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ვაშინგტონი იმუშავებს ბერლინთან, რომ მილსადენის პროექტმა წინ ვერ წაიწიოს.
მანამდე, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შეჩერება არ გამორიცხა.
"ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დასრულდა.
ნოემბერში გერმანიის ფედერალურმა ქსელის სააგენტომ გაზსადენის სერთიფიკაციის პროცედურები შეაჩერა. სააგენტოს განცხადებით, სერთიფიცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ოპერატორი წარადგენს დოკუმენტებს გერმანიაში კომპანიის შექმნის შესახებ, რომელიც დაკავებული იქნება "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მართვით.