როგორ შეიძლება ლაპარაკობდე ამ ვითარებაში კონფლიქტზე, უსაფრთხოებაზე, რუსეთის მოქმედებაზე და რუსეთს არ ახსენებდე რეზოლუციაში. ეს სრულიად გაუგებარია, არადეკვატურია და ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის, უკრაინელი ხალხის, იმ ბრძოლის მიმართ, რომელიც დღეს აქვს თავისუფლებისთვის და ის საფრთხეები, რაც არსებობს, ბუნებრივია ყველას გვავალდებულებს, ეს არის პოლიტიკური მოვალეობა და მორალურიც, რომ სოლიდარული ვიყოთ უკრაინის მიმართ.
"გამოვხატოთ ეს ყველამ, როგორ შეგვიძლია. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი სახელმწიფო და ეს ხელისუფლება პრაქტიკულად უმოქმედოდ არის ამ ვითარებაში. ამიტომ ჩვენ გვაქვს აქციები, გვაქვს სოლიდარობის ღონისძიებები. დღეს ვხვდებით ელჩს და ასე ვთქვათ მასთან ერთად გვინდა გავარკვიოთ როგორი ხედვები აქვს მას, რა ვითარებაა დღეს, ვუთხრათ ჩვენი სათქმელი და კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა. ის, რაც ხდება პარლამენტში რეზოლუციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატავს იმ მძიმე კრიზისს, რომელიც არის „ქართული ოცნების“ ასეთი პოზიციების გამო ზოგადად ქვეყანაშიც და კონკრეტულად ამ საკითხთან, იმ უმოქმედობას, გაუგებარ, მავნებლურ პოზიციას ქვეყნისთვის. როგორ შეიძლება ლაპარაკობდე ამ ვითარებაში კონფლიქტზე, უსაფრთხოებაზე, რუსეთის მოქმედებაზე და რუსეთს არ ახსენებდე რეზოლუციაში. ეს სრულიად გაუგებარია, არადეკვატურია და ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება. მე ვფიქრობ, რომ რაღაც ბოლო უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს, ამიტომ ვცდილობთ პოლიტიკური ძალები, რომ კომპენსაცია მოვახდინოთ ამ სამარცხვინო საქციელის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან.“ - განაცხადა წერეთელმა