რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი პროვოკაციებისკენ უბიძგებს.
ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთი "აორმაგებს ძალისხმევას" რუსეთის შესაკავებლად და ზრდის სამხედრო-პოლიტიკურ ზეწოლას რუსეთზე.
"საკმარისია დააკვირდე ჩვენს საზღვართან უფრო და უფრო მეტ პროვოკაციულ მანევრებს და კიევის რეჟიმის ნატოს ორბიტაზე შეთრევას და მისთვის ლეტალური იარაღის მოწოდებას, რომ დარწმუნდე, როგორ უბიძგებს [დასალეთი უკრაინას] რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი პროვოკაციებისკენ", - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, ამ ფონზე "განსაკუთრებით ცინიკურად“ ჟღერს რუსეთის მიმართ მოთხოვნა შეწყვიტოს თავის ტერიტორიაზე წვრთნები. "რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სიტუაციაში გულხელდაკრეფილები არ ვისხდებით", - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთი მიიღებს საპასუხო ზომებს, თუ დასაველთისგან უსაფრთხოების გარანტიებზე კონსტრუქციულ პასუხს ვერ მიიღებს.
უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროა კონცენტრირებული. დასავლეთი შიშობს, რომ კრემლი მეზობელ ქვეყანაში სამხედრო ინტერვენციას გეგმავს, რასაც რუსეთი უარყოფს. ამასთან, კრემლი დასავლეთისგან "უსაფრთხოების გარანტიებს" მოითხოვს, რაც უპირველესად ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას გულისხმობს.