ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ქვეყნის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის განცხადების გამო უკრაინელ ხალხს ბოდიში მოუხადა. პრემიერის შესაბამისი განცხადება ხორვატიის მთავრობის twitter-ზე ვრცელდება.
"იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას ჩვენი ჯარისკაცები არ ჰყავს, პოლონეთში მყოფი კონტიგენტი კი უკვე დაბრუნდა, გაუგებარია, რომელი სამხედროების გაყვანას აპირებს პრეზიდენტი. მისი განცხადება უკრაინაში კორუფციის შესახებ - ჩვენი პოზიცია არ არის. მთავრობის სახელით ბოდიშს ვუხდი უკრაინელ ხალს მსგავსი აბსურდის გამო", - აცხადებს პლენკოვიჩი.
შეგახსენებთ, ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში ზაგრები მოვლენებისგან მაქსიმალურად დისტანცირებული იქნება.
ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება დაგმო და მისი საჯაროდ უარყოფა მოითხოვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
"ხორვატიის პრეზიდენტმა გამოავლინა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება და უმადურობა იმ დახმარებისთვის, რომელიც უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა ხორვატიას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში აღმოუჩინა, უმადურობას ავლენს ასევე გასულ წლებში გამანდგურებელ ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს უმადურობა მისი პიროვნული თვისებაა და არ ვრცელდება ხორვატ ხალხზე, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა", - განაცხადეს უწყებაში.
ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინიტროში დაიბარეს ხორვატიის ელჩი ანიცა ჯამიჩი.