ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში ზაგრები მოვლენებისგან მაქსიმალურად დისტანცირებული იქნება. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Unian-ი ხორვატიულ გამოცემა Dnevnik-ზე დაყრდნობით წერს.
"ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვექნება. ესკალაციის შემთხვევაში გამოვიყვანთ [რეგიონიდან] ბოლო ხორვატიელ ჯარისკაცს", - განაცხადა მილანოვიჩმა უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას.
"ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის. უკრაინაში შეიცვალა ხელისუფლება, მაშინ ეს იყო მოძრაობა, რომელიც არ იყო დემოკრატიული, ეს იყო გადატრიალება, რომლის დროსაც 50 ადამიანი მოკლეს. ისტორია ასეთია: უკრაინა მიისწრაფვის დასავლეთისკენ, რუსეთს არაფერს ეკითხება. ფიქრობს, რომ ევროკავშირში მას რძის მდინარეები და "კისელის" სანაპიროები ელოდება. უკრაინა კვლავინდებურად რჩება ერთ-ერთ კორუმპირებულ ქვეყნად. ევროკავშირმა უკრაინას ვერაფერი მისცა", - განაცხადა მან.
მილანოვიჩის თქმით, ის ყველანაირად ხელს შეუშლის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ხორვატიის ჩათრევას.
"პლენკოვიჩს [ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი, რომელიც უკრაინის ძველი მეგობარია] შეუძლია რამდენიც უნდა დაიმუქროს. ხორვატია ამას, როგორც ხანძარს, უნდა გაექცეს. ხორვატია არ იქნება იქ [კონფლიქტში] მეხანძრე", - განაცხადა მილანოვიჩმა.
დეკემბერში ზორან მილანოვიჩმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ვიზიტს უკრაინაში "წმინდა შარლატანობა" უწოდა.
მან განაცხადა, რომ უკრაინაში პრემიერის ვიზიტი, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ხორვატია-რუსეთის ურთიერთობებზე. პლენკოვიჩი დეკემბერში უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის დროს მან განაცხადა, რომ ხორვატია შუერთდა ევროკავშირის ქვეყნების წრეს, რომლებმაც გააფორმეს ორმხრივი დეკლარაცია უკრაინის ევროპული პერსპექტივების შესახებ.
თავად ხორვატია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 2009 წელს, ალბანეთთან ერთად შეუერთდა.