შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებასაც განიხილავს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ჯო ბაიდენმა აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ძალების გაგზავნის შესაძლებლობაც დაუშვა.
"თუ ის [რუსეთი] მთელი თავისი ძალებით გადავა უკრაინაში, ეს იქნება ყველაზე დიდი შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს შეცვლის სამყაროს", - თქვა ბაიდენმა.
დასმული შეკითხვის საპასუხოდ, თუ რამ შეიძლება განაპირობოს აღმოსავლეთ ევროპაში სამხედროების გაგზავნა, ბაიდენმა უპასუხა, რომ ეს პუტინზეა დამოკიდებული, "რას გააკეთებს, ან რას არ გააკეთებს ის". ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედროების უკრაინაში გაგზავნა არ განიხილება.
"ჩვენ არ გვაქვს უკრაინაში ამერიკული ან ნატო-ს ძალების განთავსების განზრახვა, მაგრამ როგორც ვთქვი, უკრაინაში რუსეთის შეჭრას სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოჰყვება", - თქვა ბაიდენმა.
რუსეთისგან მომდინარე მზარდი საფრთხეების ფონზე, ორშაბათს ჯო ბაიდენმა ევროკომისიის, ევროპული საბჭოს, ნატოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. დასავლეთის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გააფრთხილეს რუსეთი უკრაინაში შეჭრის შედეგების თაობაზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონმა 8500 ამერიკელი სამხედრო "მაღალ მზადყოფნაში" მოიყვანა, იმ შემთხვევისთვის, თუ მათი გაგზავნა აღმოსავლეთ ევროპაში გახდება საჭირო.