შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ლიდერები რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებენ უკრაინაში შეჭრის შედეგების შესახებ და მოუწოდებენ, გადადგას ხელშესახები ნაბიჯები, რომლებიც კონფლიქტის დეესკალაციისკენ იქნება მიმართული.
24 იანვარს დასავლელი ლიდერების მონაწილეობით ვიდეოკონფერენცია გაიმართა, სადაც უკრაინა-რუსეთის საკითხზე იმსჯელეს.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და პოლონეთის ლიდერები, ნატო-ს გენერალური მდივანი, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები.
შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თავიანთი ერთგულებისა და მტკიცე მხარდაჭერის შესახებ.
შეხვედრის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ დიპლომატიური ძალისხმევა დაძაბულობის შემცირების მიზნით.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების თაობაზე.
"ლიდერებმა მოკავშრეებსა და პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების მზადყოფნა გამოთქვეს, მათ შორის ევროკავშირის, ნატოსა და ეუთოს ფარგლებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით, მოლაპარაკებების "ნორმანდიულ ფორმატში" განახლების მნიშვნელობას.
შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ვითარება უაღრესად დაძაბულია და საჭიროა ერთობლივი მოქმედება. კანცლერი შოლცის თქმით, ევროპაში საზღვრების დარღვევა დაუშვებელია. "ჩვენ ამას არ შევურიგდებით, ამას მაღალი საფასური მოჰყვება", - დასძინა კანცლერმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ძვირად დაუჯდება".
აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა კი განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, საპასუხო ზომებზე სრულად თანხმდებიან.
ბოლო თვეებია იზრდება დაძაბულობა რუსეთსა და დასავლეთს შორის, რასაც უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალები მასშტაბური კონცენტრაცია და უკრაინაში შეჭრის საფრთხე განაპირობებს. რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის განზრახვას და დასავლეთისგან "უსაფრთხოების გარანტიებს" მოითხოვს, რაც სხვა საკითხებთან ერთად, ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას მოიცავს.