გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამორიცხა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობა. გამოცემა Aljazeera-ს ცნობით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარის გამო ბერლინისადმი გამოთქმულ კრიტიკას, ოლაფ შოლცმა ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთიდან მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის ფონზე, კანცლერი შოლცი უკრაინას ძლიერ ეკონომიკურ მხარდაჭერას ჰპირდება.
"ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ უკრაინის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების აქტიური მხარდასაჭერად", - განაცხადა შოლცმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ არსებობს ისტორიული მიზეზები იმისა, რატომაც ამბობს გერმანია უარს კონფლიქტურ ზონებში ლეტალური იარაღის გაგზავნაზე.
"ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, მაგალითად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინა დარჩეს (გაზის) სატრანზიტო ქვეყნად", - დასძინა მან. "უკრაინამ იცის, რომ შეუძლია დაეყრდნოს გერმანიას".
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო გაძლიერებისა და მოსალოდნელი შეჭრის ფონზე, კვლავ განახლდა დებატები იმის თაობაზე, უნდა მიაწოდოს თუ არა გერმანიამ იარაღი უკრაინას.
აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის პოზიცია კვლავ უცვლელია. გასულ კვირას, თავდაცვის ფედერალური მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია.
ლამბრეხტის განცხადებას გაემოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელმაც თქვა, რომ ბერლინის პოზიცია იმედგაცრუებას იწვევს.
"გერმანიის ეს პოზიცია უკრაინელი საზოგადოების იმედგაცრუებასაც იწვევს. სამწუხაროდ, უკრაინელებს ეს ათწლეულების განმავლობაში ემახსოვრებათ და ეს ძალიან მაწუხებს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს. მსურს, რომ ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა ძალიან განვითარდეს და ხალხებსაც მეგობრული და თბილი ურთიერთობები ჰქონდეთ", - თქვა კულებამ.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებას წინ უსწრებდა Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ბერლინმა ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემა დაბლოკა.
გერმანიის იარაღის ექსპორტის პოლიტიკის თანახმად, გერმანული წარმოების იარაღის მესამე ქვეყნისთვის გადაცემა, მხოლოდ ბერლინის თანხმობით უნდა მოხდეს.
ამავე პოლიტიკის მიხედვით, გერმანია კონლიფქტის ზონებში იარაღის მიწოდებისგან თავს იკავებს.