უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კიდევ ერთხელ გამოთქვამს იმედგაცრუებას, იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობის ურყევი პოზიციის გამო.
"ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ გერმანიის მუდმივი უარით უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების თაობაზე, განსაკუთრებით ამჟამინდელ ვითარებაში“, - თქვა კულებამ გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში.
"გერმანიის ეს პოზიცია უკრაინელი საზოგადოების იმედგაცრუებასაც იწვევს. სამწუხაროდ, უკრაინელებს ეს ათწლეულების განმავლობაში ემახსოვრებათ და ეს ძალიან მაწუხებს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს. მსურს, რომ ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა ძალიან განვითარდეს და ხალხებსაც მეგობრული და თბილი ურთიერთობები ჰქონდეთ", - დასძინა კულებამ.
დმიტრო კულებას განცხადებით, ვერ დაეთანხმება გერმანიის იარაღის ექსპორტის პოლიტიკას.
"უკრაინამ დიდი დანაკარგი და ნგრევა განიცადა მეორე მსოფლიო ომში. ახლა, როცა ჩვენ კვლავ საფრთხის ქვეშ ვართ და გვემუქრებიან, ერთადერთი სწორი პოლიტიკაა, რომ თავი დავიცვათ", - თქვა მინისტრმა.
"რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა ახლა, მით უფრო ნაკლები იქნება რუსეთთან მორიგი სახმედრო კონფლიქტის რისკი. პუტინი არ დაიწყებს შეტევას უკრაინაში თუ ეცოდინება, რომ ამის საფასური ძალიან მაღალი იქნება", - დასძინა მინისტრმა.
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო გაძლიერებისა და მოსალოდნელი შეჭრის ფონზე, კვლავ განახლდა დებატები იმის თაობაზე, უნდა მიაწოდოს თუ არა გერმანიამ იარაღი უკრაინას.
აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის პოზიცია კვლავ უცვლელია. თავდაცვის ფედერალური მინისტრის კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, ბერლინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია.
თავდაცვის მინისტრის განცხადებას წინ უსწრებდა Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ბერლინმა ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემა დაბლოკა.
გერმანიის იარაღის ექსპორტის პოლიტიკის თანახმად, გერმანული წარმოების იარაღის მესამე ქვეყნისთვის გადაცემა, მხოლოდ ბერლინის თანხმობით უნდა მოხდეს.
ამავე პოლიტიკის მიხედვით, გერმანია კონლიფქტის ზონებში იარაღის მიწოდებისგან თავს იკავებს.