მოძრაობა "სამართლიანი საქართველო" მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური კრიზისის გაღრმავებაა მოსალოდნელი და ხალისუფლებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ნოღაიდელის პარტიამ განცხადება გაავრცელა.
"მიმდინარე წლის 19 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვით 97 მილიონი ლარით იზრდება 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. მათ შორის 10.9 მილიონი ლარით იზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები. აქედან 8.5 მილიონი ლარით იზრდება სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის თანხები. 15.6 მილიონი ლარი ემატება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებებს, რომელიც ქვეყნის ინვესტიციური და ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად იქნება მიმართული. კორექტირებული ბიუჯეტის თანახმად, ცვლილებები სსიპ- საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებასაც 16.3 მილიონი ლარით გაიზრდება. გარკვეული თანხა ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობასაც მოხმარდება, რომელიც საქართველოს და თურქეთის ენერგო სისტემებს დააკავშირებს. რაც შეეხება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტების დაფინანსებას, მისი გაზრდა 46 მილიონი ლარით არის გათვალისწინებული. საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა ეს ცვლილებები ჩვენი ხალხისათვის სასიკეთო ამბად შეიძლება აღიქვას, სინამდვილეში კი ეს ყველაფერი სააკაშვილის რეჟიმის მორიგი ტყუილი და თაღლითობაა", - აღნიშნულია განცხადებაში.
მათი განმარტებით, ეს თანხები სრულიად არასაკმარისია მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. "საჭიროა აღვნიშნოთ, რომ საბიუჯეტო წლის დასრულებამდე სულ 41 დღეა დარჩენილი და ამ მოკლე დროში ჩამოთვლილი ღონისძიებების განხორციელება და ბიუჯეტში დამატებული თანხების ათვისება შეუძლებელია. პრაქტიკულად ეჭვს არ იწვევს, რომ ეს თანხები უკვე გახარჯულია სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩვენი საზოგადოებისათვის უცნობი მიზნებისათვის და ამჟამად რეჟიმი ამ უკვე გაწეული ხარჯების გათეთრებას ცდილობს", - განმარტებულია განცხადებაში.
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" მოითხოვს ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობით. ბოლო დროს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიერ სახალხო სახსრების არამიზნობრივმა ხარჯვამ და გაფლანგვამ, ჩვენი ერისათვის დიდად საზიანო და სახიფათო მასშტაბი მიიღო. საჭიროა აღვკვეთოთ რეჟიმის ასეთი მოქმედება და არ დავუშვათ ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური კრიზისის გაღრმავება.