გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში დაიწყება კონფლიქტი, რომელიც რუსეთისთვის მძიმე, სასტიკი, სისხლისმღვრელი და დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნება.
ჯონსონის თქმით, უკრაინაში სამხედრო აგრესიით, რუსეთმა შესაძლოა ახალი ჩეჩნეთი მიიღოს. მისივე თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილია ძალიან მძიმე სიტუაცია, მაგრამ დასძინა, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელია.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა Sky News-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა.
როგორც ВВС იტყობინება, ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მომზადების პროცესში ლიდერობს. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ახსენა, რომ ლონდონი კიევს თავდაცვის შესაძლებლობების განსამტკიცებლად სამხედრო დახმარებას უწევს.
შეგახსენებთ, 23 იანვარს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც ბრიტანულმა დაზვერვამ გამოააშკარავა რუსეთის სპეცსამსახურების გეგმები უკრაინაში პრომოსკოვური ხელისუფლების მოყვანის შესახებ.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, რუსეთის გეგმის მიხედვით, უკრაინის მთავრობის მეთაური უნდა გახდეს ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევჰენ მურაევი.
უკრაინაში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის ფონზე, 24 იანვარს, დიდმა ბრიტანეთმა კიევიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის გაყვანა დაიწყო.