ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბურ სამხედრო წვრნთნებს გეგმავს. იუწყება უკრაინული გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა" სამხედრო ანალიტიკურ პორტალ Military.com-ზე დაყრდნობით.
სამხედრო წვრთნები Neptune Strike 24 იანვარს დაიწყება და 4 თებერვლამდე გასტანს.
ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, სამხედრო წვრთნებში ჩაერთვება ამერიკის ფლოტის ავიამზიდი "ჰარი ტრუმენი".
კირბის თქმით, წვრთნები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რაოდენ "ერთიანი, თავდაცვისუნარიანი და ძლიერია" ტრანსატლანტიკური ალიანსი.
დაგეგმილ მანევრებში, რომელიც მოიცავს წყალქვეშა საბრძოლო წვრთნებსა და შორ მანძილზე დარტყმებს, შეერთებულ შტატებთან ერთად ნატო-ს რამდენიმე მოკავშირე ჩაერთვება. პენტაგონს არ დაუსახელებია ის ქვეყნები, რომლებიც წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ესპანეთი ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო ხომალდებს გზავნის.