საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ევროკავშირს, შეიმუშაოს ახალი პან-ევროპული უსაფრთხოების სისტემა, რომელიც რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვის ზომებსაც მოიცავს.
სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკრონი ფართომასშტაბიანი ევროპული ჩარჩოს შემუშავების მოწოდებით გამოვიდა, რომელმაც სათავე უნდა დაუდოს კონტინენტზე უსაფრთხოების ახალ წესრიგის ჩამოყალიბებას.
"უსაფრთხოების ახალი სისტემა ჩვენ უნდა შევქმნათ ევროპელებმა, შემდეგ ის გავუზიაროთ ჩვენს მოკავშირეებს ნატო-ში და შევთავაზოთ რუსეთს მოლაპარაკებებისთვის", - თქვა მაკრონმა.
"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ევროპის ხმა, ერთიანი და ძლიერი ევროპის ხმა გაგონილი იქნება - სტრატეგიული იარაღის, შეიარაღების კონტროლის, სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობისა და ყველა ევროპული სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემაზე, განურჩევლად მათი ისტორიისა", - დასძინა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპამ საბოლოოდ უნდა შექმნას საკუთარი კოლექტიური უსაფრთხოების ჩარჩო კონტინენტზე, რაც სტრატეგიულ გადაიარაღებას საჭიროებს. მისივე თქმით, საჭიროა რუსეთთან ღია და გულწრფელი დიალოგი.
მაკრონის განცხადებით, ევროპამ უნდა წამოაყენოს თავისი მოთხოვნები და მიაღწიოს მათ განხორციელებას, ღია დიალოგი კი აუცილებელია "დესტაბილიზაციის, ჩარევისა და მანიპულაციის გამო".
საფრანგეთის პრეზიდენტი კვლავ გამოვიდა წინადადებით, ჩატარდეს ევროკავშირის სამიტი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით.
ამასთან, მან ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, თავი დააღწიონ დამოკიდებულებას რუსულ გაზსა და ნავთობზე და ამას ევროპული სუვერენიტეტის პირობა უწოდა.
მაკრონმა ევროპარლამენტარებს განუცხადა, რომ პარიზი და ბერლინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა აღადგინონ "ნორმანდიული ფორმატი" უკრაინის ირგვლივ არსებული დაძაბულობის მოსაგვარებლად.
საფრანგეთს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ხელი აქვს მოწერილი ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებზე, რომელიც მოიცავს საზღვრების ხელშეუხებლობას, გავლენის სფეროების უარყოფას და ყველა ქვეყნის არჩევანის თავისუფლებას, თავად გადაწყვიტონ რომელ ალიანსებსა თუ ორგანიზაციას შეუერთდებიან.