წიგნის "ელენე ბაქრაძე - დარიანის" შესწორებული ვერსიის გამოსაცემად თანხის შეგროვება დაიწყო. ამ მიზნით შეიქმნა საინიციატიო ჯგუფი.
საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, ახალი ტირაჟის დასაბეჭდად და უკვე დაბეჭდილი ტირაჟის თანხის სამინისტროსთვის დასაბრუნებლად, სულ შესაგროვებელია 12 560 ლარი.
როგორც იუწყებიან, საჭირო თანხა ერთ კვირაში უნდა შეგროვდეს.
საზოგადოებას მოეხსენება, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოითხოვა „ელენე ბაქრაძე - დარიანის“ ლიტერატურის მუზეუმში დარჩენილი ტირაჟი. ვინაიდან საზოგადოებაში წიგნით დაინტერესება ძალიან დიდია, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ლიტერატურის მუზეუმის მხარდასაჭერად და წიგნის შესწორებული ვერსიის თავიდან გამოსაცემად.
წიგნის 500 ეგზემპლარი მუზეუმმა 6280 ლარად დაბეჭდა. ეს თანხა ლიტერატურის მუზეუმმა უკან უნდა დაუბრუნოს კულტურის სამინისტროს. ამდენივე თანხა იქნება საჭირო ახალი ტირაჟის დასაბეჭდად - სულ შესაგროვებელია 12560 ლარი.
ყველას, ვინც 25 ლარზე მეტს შესწირავს, საჩუქრად გადაეცემა ერთი წიგნი. რასაკვირველია, 25 ლარზე მეტის შემოწირვა შესაძლებელი და სასურველიცაა. რაც მეტი, მით უკეთესი.
დანარჩენი წიგნები გადაეცემა ლიტერატურის მუზეუმს და მუზეუმი განკარგავს მათ შემდგომში. ჩვენი სურვილია, წიგნის განახლებულ ვერსიას დავურთოთ შემომწირველთა სიაც. თუ გსურთ, თქვენი სახელი მოხვდეს ამ სიაში, გთხოვთ ბანკიდან გადმორიცხოთ თანხა და თქვენი სახელი გვეცოდინება. თუ არ გსურთ თქვენი სახელი ვიცოდეთ, შეგიძლიათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გამოიყენოთ.
ჩვენი ანგარიშის ნომერია GE89TB7528636010100045, მიმღები: ნატალია ალხაზიშვილი
ჩვენი მიზანია საჭირო თანხა ერთ კვირაში შევაგროვოთ. ამ ფეისბუქ გვერდზე ყოველ დღე გაცნობებთ, თუ რამდენი თანხაა შეგროვილი", - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 2 იანვარს ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ლაშა ბაქრაძემ, რომლის თაოსნობითაც დაიბეჭდა წიგნი "ელენე ბაქრაძე (დარიანი)" სოციალური ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც იუწყებოდა, რომ წიგნში შეცდომით ანა კალანდაძის ორი ლექსი მოხვდა, ელენე დარიანის სახელით.
17 იანვარს კულტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც გამოცემის გავრცელების შეწყვეტა მოითხოვა. იმავე დღეს, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა, რომ წინა დღით, სამინისტრომ გაყიდული და გაჩუქებული ეგზემპლარების სამინისტროსთვის გადაცემა მოითხოვა.
ლაშა ბაქრაძე იუწყებოდა, ლიტერატურის მუზეუმმა მის ხელთ არსებული ტირაჟი სამინისტროს გადასცა.