პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს დასუსტებისა და გვერდზე გაწევის მცდელობა მის ინიციატორებს პირიქით შემოუბრუნდათ.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ლისაბონში განუცხადა, სადაც ნატოს სამიტი მიმდინარეობს.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, "საქართველოსთვის ასეთი ნაყოფიერი კვირა მას მისი პრეზიდენტობის განმავლობაში არ ახსოვს".
"ამ კვირას თუ შეხედავთ, ნახავთ, როგორი საინტერესო კვირა იყო. ჯერ ვარშავაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას და ოკუპაციაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც რიგითი მოვლენა არ გეგონოთ, ეს არის დიდი დიპლომატიური ბრძოლის შედეგი, შემდეგ ოფიციალური ვიზიტი ევროკავშირში, ამის მერე კი ჩამოვედით აქ და გვქონდა შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტთან. დღეს კი გამოვალთ ნატოს სამიტზე. აქედან სტრასბურგში მივდივართ, სადაც გვაქვს პატივი სიტყვით მივმართოთ ევროპულ პარლამენტს და უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის არაწევრი სახელმწიფოს არც ერთ პრეზიდენტს არ ჰქონია ამის საშუალება ორჯერ", - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე აზრით, "ეს არის არა მისი პიროვნებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით განპირობებული, არამედ საქართველოსადმი ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს მხარდაჭერის გამოხატულება".
"მე პირდად, ასეთი ნაყოფიერი საერთაშორისო კვირა ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში არ მახსენდება და არც გვქონია. ეს ნიშნავს, რომ ყველა მცდლეობა (მასში ჩაიყარა უამრავი ფული და ათასგვარი ღია და ფარული რესურსი), რომ მომხდარიყო საქართველოს გარიყვა, რაღაც სახით დასუსტება დ გვერდზე გაწევა, ამ ინიციატივების ავტორებს პირიქით შემოუბრუნდათ", - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.
აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა ისიც დასძინა, რომ 21-ე საუკუნეში ოკუპანტის სტატუსის ტარება ძნელია.
"საბოლო ჯამში, სიმართლე გაიმარჯვებს და სიკეთე აუცილებლად დაამარცხებს ბოროტებას. 21-ე საუკუნეში ვერავინ შეძლებს ოკუპანტის სახელის დიდხანს ტარებას ევროპის ტერიტორიაზე. ოკუპანტის სტატუსი უკვე დამკვირდდა და ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ გაძლიერდა. ახლა ჩვენ გვჭირდება მოთმინება, ერთობა და მუხლჩაუხრელი მუშაობა, რომ საქართველო გავაძლიეროთ", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.