შეერთებული შტატების სენატმა კენჭისყრაზე უარყო კანონპროექტი, რომელიც რუსული გაზსადენის პროექტის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი ტეხასელი რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი იყო. კენჭისყრაზე დოკუმენტმა ვერ მოიპოვა მიღებისთვის საჭირო უმრავლესობა, სულ მცირე 60 ხმა 100-დან.
სენატორ კრუზის ინიციატივა ითვალისწინებდა შეზღუდვების დაწესებას მილსადენის მშენებლობასა და და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციებისთვის, მათ შორის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG-სთვის, ასევე იქ დასაქმებული ადამიანებისთვის.
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, დემოკრატი სენატორები და აშშ-ის ადმინისტრაცია აცხადებდნენ, რომ სანქციების დაწესება მილსადენის პროექტისთვის ვაშინგტონსა და ბერლინს შორის ურთიერთობებს დაძაბავდა.
თავის მხრივ, სენატში წარდგენილია ალტერნატიული კანონპროექტი "უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის აქტი", რომელიც სანქციებს ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. კანონპროექტი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის დემოკრატი სენატორის რობერტ მენენდესის ინიციატივით მომზადდა.
მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლი მხარს უჭერს მენენდესის კანონპროექტს, რომელიც მოიცავს სანქციებს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს წინააღმდეგ.
კანონპროექტს გამოეხმაურა კრემლი, რომლის განცხადებითაც, რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესება, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვევს.