მაქვს განცდა, რომ აცდენილი ვართ მოსახლეობის დიდი ნაწილის საჭიროებებს - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში, სადაც პარტიაში უკვე განხორციელებულ საკადრო ცვლილებებსა და სამომავლო რეფორმებზე საუბრობს.
ნიკა მელიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში პარტია ორგანიზაციულად, სტრუქტურულად იყო დისფუნქციური.
ნიკა მელია აღნიშნავს, რომ [პარტიას] ნორმალური პოლიტიკური, პარტიული ცხოვრების შესაძლებლობა არ ჰქონდა და არც ახლა ეძლევა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, პარტია უნდა ჰქონდეს თავისი მკაცრად გაწერილი სტრატეგია და გეგმა.
"ეს გეგმა უნდა იყოს მჭიდრო კავშირში მოყვანილი მოსახლეობის საჭიროებებთან", - დასძენს მელია.
ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პირობას დებს, რომ პარტიაში დიდი გადალაგება და გადაჯგუფება იქნება.
"ჩვენ ნორმალური პოლიტიკური, პარტიული ცხოვრების შესაძლებლობა არ გვქონდა და არც ახლა გვეძლევა. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, პარტიას უნდა ჰქონდეს თავისი მკაცრად გაწერილი სტრატეგია და გეგმა. ეს გეგმა უნდა იყოს მჭიდრო კავშირში მოყვანილი მოსახლეობის საჭიროებებთან.
მე მაქვს განცდა, რომ აცდენილი ვართ მოსახლეობის დიდი ნაწილის საჭიროებებს. ჩვენ რომ აქტუალურ საკითხებს ვეხმაურებით, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხალხმა "ნაციონალურ მოძრაობაში" დაინახოს ალტერნატივა.
უახლოეს მომავალში, მათ შორის - მტკივნეული რეფორმების გატარებაც მომიწევს სხვადასხვა დონეზე და იმიტომ, რომ, როგორც ქვეყანაში, ასევე პოლიტიკურ რეალობაში, გამოწვევები გვკარნახობს ამ ცვლილებების აუცილებლობას.
ამიტომ [10 იანვარი] იყო ზღვაში წვეთი. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება პარტიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამას ყველა დაინახავს და, პირველ რიგში, ამას იგრძნობს ამომრჩეველი", - თქვა მელიამ.
შეგახსენებთ, 10 იანვარს "ნაციონალ მოძრაობაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, მანამდე ამ პოსტს ნიკა მელია ითავსებდა. კობა ნაყოფიას მოადგილედ აკაკი მინაშვილი დაინიშნა.
ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გახდა. ნიკა მელიამ კი თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზაალ უდუმაშვილი ჩაანაცვლა.