იაპონიისა და სამხრეთ კორეის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით, მორიგი რაკეტა გაუშვა, რომელიც, სავარაუდოდ, ბალისტიკური უნდა იყოს. იუწყება სეულში დაფუძნებული სააგენტო Yonhap სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტზე დაყრდნობით.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის ინფორმაციით, 11 იანვარს გაშვებული რაკეტა, სავარაუდოდ, ბევრად გაუმჯობესებულია, ვიდრე ერთი კვირით ადრე გაშვებული რაკეტა.
თავის მხრივ, რაკეტის გაშვება დაადასტურა იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ. უწყების განცხადებით, რაკეტა იაპონიის ზღვაში, იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის მიღმა ჩაეშვა.
სამინისტროს განცხადებით, ექსპერტები სწავლობენ, თუ რა ტიპის რაკეტა იქნა გაშვებული.
რაკეტის გაშვებას გამოეხმაურა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმი, რომელმაც განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა საფრთხეს უქმნის იაპონიისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას.
რაკეტის გაშვებას წინ უსწრებდა, იაპონიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრის - შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ირლანდიისა და ალბანეთის - განცხადება, სადაც ისინი ფხენიანს მოუწოდებენ, შეწყვიტოს რეგიონის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრა და დაიწყოს დიალოგი, რომლის მიზანი რესპუბლიკის დენუკლეარიზაციაა.
5 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
გაერო ჩრდილოეთ კორეას უკრძალავს ბალისტიკური და ბირთვული იარაღის გამოცდას. ჩრდილოეთ კორეა აშშ-ისა და გაეროს სანქციების ქვეშ იმყოფება მისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამის გამო და თითქმის მთლიანად იზოლირებულია მსოფლიო არენაზე.