დღევანდელი შემთხვევების ათი პროცენტი უკვე "ომიკრონზე" მოდის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
"ლაბორატორიული კვლევებით, რასაც ჩვენი ცენტრი აწარმოებს, „ომიკრონის“ შემთხვევათა რაოდენობა მატულობს. როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება, ის საკმაოდ სწრაფი ტემპით იმატებს როდესაც იწყება მისი შიდა ცირკულაცია, ანუ შიდა გადადება. უნდა ველოდოთ, რომ შემდეგი ორი კვირა მატების ტენდენცია იქნება", - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, საქართველოში "ომიკრონით" დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია რვა ადამიანს დასჭირდა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, "ომიკრონს" შედარებით აკავებს ბუსტერიზაცია.
"მთავარი რეკომენდაცია, რაც "ომიკრონს" შედარებით აკავებს, ეს არის ბუსტერიზაცია. სასურველია, რომ მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვინც ორჯერ აიცრა, გაიკეთოს ბუსტერი. აცრები გახლავთ მთავარი შემაკავებელი. ვინც არ არის აცრილი, აუცილებლად უნდა აიცრან. "ომიკრონიც" იგივე სიმპტომებით იწყება. განსხვავებული აქვს ის, რომ ახასიათებს ძლიერი სურდო, ასევე ღამის ოფლიანობა, ყელის ჩახეხვა",- აღნიშნა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 842 ახალი დადასტურებული შემთხვევა.