გუანტანამოს ციხის გახსნიდან 20 წლისთავის მოახლოების ფონზე, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, შეასრულოს თავისი დაპირება ციხის დახურვის თაობაზე.
"რაც უფრო დიდხანს დარჩება ციხე ექსპლუატაციაში, მით უფრო დიდხანს გააგრძელებს ის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით აშშ-ის გლობალური სანდოობისთვის ძირის გამოთხრას", - თქვა დაფნე ევიატარმა, Amnesty International USA-ის უსაფრთხოების დაცვის პროგრამის დირექტორმა.
გარდა ამისა, Amnesty International-ის გერმანიის ოფისის წარმომადგენელმა, მათიას შრაიბერმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა აშშ-ის ადმინისტრაციაზე, რათა დაიხუროს ობიექტი.
მისი თქმით, გუანტანამოში მყოფ დაკავებულებს არ აქვთ წვდომა სამართლიან სასამართლო პროცესზე კანონის უზენაესობის დაცვის პირობებში.
გუანტანამოს ციხე, რომელიც ტერორიზმში ეჭვმიტანილი უცხოელი პირების დასაკავებლად შეიქმნა, ცნობილია მკაცრი დაკითხვის მეთოდებით, რაც კრიტიკოსების განცხადებით, წამებას უტოლდება.
2002 წლის 12 იანვარს გუანტანამოს გახსნის დღიდან, მასში დაახლოებით 780 ეჭვმიტანილი იმყოფებოდა, რომელთაგან ბევრისთვის ბრალი დანაშაულში არ წაუყენებიათ.
ამჟამად ციხეში იმყოფება 39 დაკავებული, მათ შორის 11 სექტემბრის ტერაქტების ეჭვმიტანილი, ხალიდ შაიხ მუჰამედი.
გუანტანამოს ციხის დახურვის პირობას დებდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც მისი პრეზიდენტობისას, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გუანტანამოს შენარჩუნება სურდა. ბაიდენი კი წინასაარჩევნო კამპანიისას ირწმუნებოდა, რომ ციხეს მისი საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე დახურავდა.
ექსპერტების შეფასებით, მოსალოდნელი პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერების გათვალისწინებით, შესაძლოა ბაიდენის უფლებამოსილების ამოწურვამდე ვერ მოესწროს ციხის დახურვა.
საერთაშორისო ტერორისტების დაკავების ცენტრი გუანტანამოს ბაზაზე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, 2002 წლის 12 იანვარს შეიქმნა. ეუთოსა და გაეროს ექსპერტებმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ციხის დაუყოვნებლივ დახურვისკენ უკვე მოუწოდეს.
გასული წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გუანტანამოს დახურვის პროცედურები წამოიწყო.