აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაიწყო გუანტანამოს ციხის პოლიტიკის გადახედვის პროცედურები, მისი საბოლოოდ დახურვის მიზნით. იუწყება გამოცემა Washington Examiner-ი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურ წარმომადგენელ ემილი ჰორნიზე დაყრდნობით.
"ჩვენი საერთო მიზნის - გუანტანამოს დახურვის შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში შევაფასებთ მდგომარეობას, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციისგან მემკვიდრეობით ერგო", - განაცხადა უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
როგორც ჰორნი განმარტავს, თავდაპირველად აუცილებელია უწყებებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოზიციების დაზუსტება, რომელზეც დამოკიდებულია ეროვნული უსაფრთხოება.
მოგვიანებით, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ რეპორტიორების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გუანტანამოს ციხის დახურვა ნამდვილად არის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის განზრახვა.
ექსპერტების შეფასებით, მოსალოდნელი პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერების გათვალისწინებით, შესაძლოა ბაიდენის უფლებამოსილების ამოწურვამდე ვერ მოესწროს ციხის დახურვა.
მანამდე, გუანტანამოს ციხის დახურვის პირობას დებდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
საერთაშორისო ტერორისტების ციხე გუანტანამოს ბაზაზე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შეიქმნა. ეუთოსა და გაეროს ექსპერტებმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ციხის დაუყოვნებლივ დახურვისკენ უკვე მოუწოდეს.