ყაზახეთის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. იტყობინება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ტელევიზია "ხაბარ 2".
საგანგებო მდგომარეობა ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს და 19 იანვრამდე გასტანს.
მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ-თოყაევმა საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის დედაქალაქ ნურ-სულთანსა და ცალკეულ ქალაქებსა თუ რეგიონებში გამოაცხადა, კერძოდ, ქალაქ ალმათში და მანგისტაუსა და ალმათის რეგიონებში.
ყაზახეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო 2 იანვარს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონში დაიწყო.
მოგვიანებით, საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დემონსტრაციებში გადაიზარდა, სადაც გაჩნდა ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნები.
4 და 5 იანვარს ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ქალაქ ალმათში, სადაც დემონსტრანტებისა და უსაფრთხოების ძალების შეტაკებები გაიმართა, დემონსტრანტებმა დაიკავეს და გადაწვეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა.
გარდა ამისა, დემონსტრანტებმა ცეცხლს მისცეს ალმათში მდებარე მმართველი პარტია Nur Otan-ის ერთ-ერთ ოფისი და გენერალური პროკურატურის შენობა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები, როგორც დემონსტრანტთა, ასევე უსაფრთხოების ძალების მხრიდან.
მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის მთავრობა გადადგა.
ფოტო: Reuters