გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, რომელიც ვაშინგტონში, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან მოსალაპარაკებლად მიემგზავრება, კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთთან დიალოგის მნიშვნელობას, უკრაინაში მოსალოდნელი აგრესიის თავიდან ასაცილებლად.
"ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთთან დაკავშირებით აქვთ მკაფიო გზავნილი - რუსეთის ქმედებებს ექნება თავისი საზღაური, ასევე, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა დიალოგია", - თქვა ბერბოკმა.
"ჩვენ ახლა შევდივართ კრიტიკულ ფაზაში, სადაც მოლაპარაკებების სხვადასხვა დონეზე გარდაუვალია. და მაშინაც კი, თუ მოლაპარაკებების ფორმატი სხვადასხვაგვარია, ჩვენი, როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორების გზავნილი მოსკოვისადმი, ყოველთვის ერთნაირია", - დასძინა ბერბოკმა.
შეგახსენებთ, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების გამო შეშფოთების ფონზე, აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირები 10 იანვარს ჟენევაში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ.
მანამდე, 7 იანვარს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება. 12 იანვარს ბრიუსელში გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. 13 იანვარს ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებები გაგრძელდება ეუთო-ს ფორმატში.
შეგახსენებთ, გასული წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.
დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის მიღებას.
დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.
ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრასქტრუქტურა.