შეერთებული შტატებისა და რუსეთის ოფიციალური პირები, რუსეთის მიერ წამოყენებეულ უსაფრთხოების გარანტიებისა და უკრაინის თაობაზე, მოლაპარაკებებს 10 იანვარს ჟენევაში გამართავენ. იუწყება დასავლური მედია თეთრის სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებისას ასევე შეეხებიან ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხს.
მოსალოდნელია, რომ 12 იანვარს გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს კონსულტაციები რუსეთსა და ეუთოს შორის.
რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა უკრაინაში მოსალოდნელი შეჭრის გამო ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გამწვავდა.
მოსკოვი ვაშინგტონსა და ბრიუსელს კიევის წაქეზებაში ადანაშაულებს დონბასში სამხედრო კონფლიქტის გაღვივების მიზნით, სადაც ომი 2014 წლიდან მძვინვარებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის არმიას შორის.
შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თავი მოუყარა სამხედროებს დიდძალ რაოდენობას და მეზობელ ქვეყანაში შეჭრის გეგმას ამზადებს.
23 დეკემბერს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს ულტიმატუმი წაუყენა და დაუყოვნებლივ მოითხოვა "უსაფრთხოების გარანტიები".
17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.
დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის მიღებას.
დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.
ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრასქტრუქტურა.