12 იანვარს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა დირექტორმა, იენს სტოლტენბერგმა დაასახელა ის მთავარი საკითხები, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნატო-რუსეთს საბჭოს სხდომაზე იქნება განხილული.
მისი თქმით, საბჭოს სხდომაზე განიხილავენ ევროპის უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებას, სამხედრო აქტივობასა და ურთიერთგამჭვირვალობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
"ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა მოვიწვიე, რათა განვიხილოთ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, უკრაინაში და მის ირგვლივ განვითარებული ვითარება და სამხედრო საქმიანობასთან, ურთიერთგამჭვირვალობასა და რისკის შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები. კონსტრუქციული დიალოგის დღის წესრიგი ყველა ჩვენგანის ინტერესშია", - თქვა სტოლტენბერგმა.
მანამდე, 7 იანვარს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება.
10 იანვარს, ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები, ხოლო 13 იანვარს გაგრძელდება მოლაპარაკებები ეუთო-ს ფარგლებში.
შეგახსენებთ, 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.
დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის მიღებას.
დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.
ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრასქტრუქტურა.