"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" დასავლელ პარტნიორებს აშანტაჟებს.
მელიას თქმით, რეჟიმი დასავლელ მეგობრებს შანტაჟის ენაზე ესაუბრება და ქვეყნის ბედით თამაშობს.
"დღეს ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა, თურმე საქართველოს საზოგადოების დასავლეთის მიმართ ნდობას არყევს
რა დგას ამ განცხადების უკან? რა არის მისი შეფუთული შინაარსი და გზავნილი და რატომ წარმოაჩენს ეს განცხადება კიდევ ერთხელ, რომ რეჟიმი უკიდურესად სახიფათო გზას ადგას, დასავლელ მეგობრებს შანტაჟის ენაზე ესაუბრება და ქვეყნის ბედით თამაშობს
მმართველი რეჟიმი სულ უფრო და უფრო ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატიად, სადაც მეგობრების წუხილს და მხარდაჭერას დემოკრატიის მიმართ არა სტრატეგიულ პარტნიორობად, არამედ ,,შიდა საქმეებში ჩარევად", ზეწოლად და ,,სუვერენიტეტის შელახვად" აფასებენ
თურმე დემოკრატიული სამყაროს წუხილი იმის გამო, რომ საქართველო, მისი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნდობა არჩევნების მიმართ, სასამართლო განვითარების ნაცვლად დღითიდღე სუსტდება - არის ადამიანური შეცდომების და არასწორი იფორმაციის შედეგი
კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს, რომ ისინი ამ კრიტიკით დაკარგავენ ჩვენი საზოგადოების ნდობას - პირდაპირ აშანტაჟებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, პროდასავლური კურსი გადაიხედება!
სინამდვილეში საქართველო უფრო წინ წავა და მყარი არჩეული პროდასავლური კურსი მეტად გაძლიერდება, რაც მეტი იქნება სამარცხვინო რეჟიმის ნაბიჯების ღია კრიტიკა და დადგა დრო გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯებიც
ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენ დასავლელ მეგობრებთან, რომ ეს გეგმა რეჟიმისა, რომ საქართველო დაივიწყონ, ყურადღება აღარ მიაქციონ, რომ რეჟიმს მისცენ დრო და საშუალება საბოლოოდ მიიტაცოს სახელმწიფო ჩაიშალოს! 2022 წელი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი წელია", - წერს მელია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მანამდე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გაკრიტიკებული იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებები.
კობახიძის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს განცხადება არასამართლიანია, სადაც არაერთი უზუსტობაა, მათ შორის ფაქტობრივი. მისივე განცხადებით, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ.