"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, სადაც გაკრიტიკებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებები.
კობახიძის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს განცხადება არასამართლიანია, სადაც არაერთი უზუსტობაა, მათ შორის ფაქტობრივი.
მისივე განცხადებით, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ.
ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30-წლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ ხოლმე მათგან რჩევებს და რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ. სამწუხაროდ, არის ხოლმე გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მათი მხრიდან ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს. ეს არის ამისი მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ასე შემდეგ, თუმცა რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ეს არ არის არც ახსნა და მით უმეტეს არც გამართლება...
მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება. ამ განცხადებაში არის უზუსტობები, მათ შორის ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები, რაც ძალიან სამწუხაროა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს ადამიანურ შეცდომებს, მათ შორის ის, რომ საუბარია სამსახურის გაუქმებაზე, რაც არის არასწორი. არავითარი სამსახური არ გაუქმებულა, სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის გაყოფა ორ ნაწილად. არათუ არ შემცირებულა კომპეტენციები, პირიქით, მთლიანობაში ჯამურად ამ სამსახურის უფლებამოსილებები გაფართოვდა. აშკარად ფაქტობრივი შეცდომაა, რაც არის მაგალითად, დაშვებული ამ განცხადებაში“, – განაცხადა კობახიძემ.