3 იანვარს, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა, რომლებიც ოფიციალურად ფლობენ ბირთვულ იარაღს, გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება ბირთვული ომისა და გამალებული შეიარაღების პრევენციის მიზნით.
ერთობლივ განცხადებაში, ბირთვული სახელმწიფოები აცხადებენ, რომ დაუშვებელია ბირთვული ომის გაჩაღება, რადგან ამ ომში შეუძლებელია ვინმემ გაიმარჯვოს.
ლიდერების განცხადებით, ბირთვული იარაღის გამოყენებას კატასტროფული და შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება.
"ჩვენ ასევე ვადასტურებთ, რომ ბირთვული იარაღი - სანამ ისინი განაგრძობენ არსებობას - უნდა ემსახურებოდეს თავდაცვით მიზნებს, შეაჩეროს აგრესია და თავიდან აიცილოს ომი. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ასეთი იარაღის შემდგომი გავრცელება თავიდან უნდა იქნას აცილებული", - აცხადებენ ლიდერები.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბირთვული იარაღის მფლობელი სახელმწიფოები ვალდებულად თვლიან თავს, ყველა ღონე იხმარონ ბირთვული იარაღის გამოყენების აღკვეთისთვის.
"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას, ვიმუშაოთ ერთად უსაფრთხო გარემოს შექმნის და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს მშენებლობის მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ბირთვული სახელმწიფოები პირობას დებენ, რომ იმუშავებენ ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ.
"გავაგრძელებთ ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიური მიდგომების ძიებას, რათა თავიდან ავიცილოთ სამხედრო დაპირისპირება, გავაძლიეროთ სტაბილურობა და პროგნოზირებადობა, ურთიერთგაგება და ნდობა და თავიდან ავიცილოთ შეიარაღების რბოლა, რომელიც არავის მოუტანს სარგებელს და ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადეს ბირთვული სახელმწიფოების ლიდერებმა.
შეგახსენებთ, ბირთვულ იარაღს ფლობს ცხრა ქვეყანა: შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა.
ბირთვული ქობინების რაოდენობა 2019 წლის მდგომარეობით