"დიდი შვიდეულის" თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან გადაიბარა.
2022 წელს "დიდი შვიდეულის" სამიტს გერმანია უმასპინძლებს. გასულ წელს, ბრიტანეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში, "დიდი შვიდეულის" სამიტი კორნუელში გაიმართა.
გერმანიის ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერის განცხადებით, გერმანია "დიდი შვიდეულის" (G7) თავმჯდომარეობის შესაძლებლობას გამოიყენებს გლობალური ეკონომიკური აღდგენისა და კლიმატის დაცვის ინიციატივების გასაძლიერებლად.
"G7-ის ქვეყნები მხარს უჭერენ თავისუფლებას, დემოკრატიას და პროგრესს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა დავძლიოთ პანდემია და მიზნად დავისახოთ გლობალური ეკონომიკური აღდგენა", - თქვა ლინდნერმა.
"დიდი შვიდეულის" სამიტი 26-28 ივნისს ბავარიის ალპებში, ელმაუს ციხე-სიმაგრეში გაიმართება. ამ ადგილის არჩევა დიდწილად იმით იყო განპირობებული, რომ 2015 წელს აქ უკვე შედგა სამიტი და შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ბავარიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამიტი 166 მილიონი ევრო დაჯდება. ამ თანხების თითქმის 90 პროცენტი მოხმარდება უსაფრთხოებას.
2022 წლის ბოლოს, "დიდი შვიდეულის" თავმჯდომარეობას გერმანია იაპონიას გადააბარებს.
დიდი შვიდეულის ჯგუფი შვიდ მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ ქვეყნებს აერთიანებს - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.
ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა 6 სახელმწიფოსგან, რომელსაც ერთი წლის შემდეგ კანადაც შეუერთდა, იმ მიზნით, რომ მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებს შესძლებოდათ ეკონომიკური პოლიტიკის განხილვა საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.
დიდი შვიდეულის მუშაობაში 1977 წლიდან ევროკავშირიც მონაწილეობს.
დიდი შვიდეული 1998-2014 წლებში იწოდებოდა, როგორც დიდი რვიანი (G8), რადგან მისი წევრი რუსეთიც იყო. 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს დაატოვებინეს ჯგუფის შემადგენლობა.
დიდი შვიდეულის სამიტს არ ჰყავს მუდმივმოქმედი აპარატი ან სამდივნო. სამიტის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას თავმჯდომარე ქვეყანა ახორციელებს, რომელიც ყოველწლიურად იცვლება.
თავმჯდომარე ქვეყანა უზრუნველყოფს ჯგუფის მუშაობისთვის საჭირო რესურსების შექმნას და ასახავს მის პრიორიტეტებს.
დიდი შვიდეულის თვითმყოფადობას საფუძვლად მისი საერთო ღირებულებები უდევს - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, თავისუფალი ბაზრის პრინციპები და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ განიხილონ ყველა საკითხი, მაშინაც კი, როდესაც მათ მკევთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ.