ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ილია პატაშურმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს სხვადასხვა პერიოდში შესრულებული თავისი 10 ნახატი გადასცა საჩუქრად. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ნიკა ახალბედაშვილი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის საგამოფენო განყოფილების უფროსი ალექსანდრა გაბუნია და გეოგრაფი, მკვლევარი, ილია პატაშურის მეგობარი, ივანე ჯაფარიძე ესწრებოდნენ.
თეა წულუკიანმა მხატვარს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი იყო.
"რომ არა 2021 წლის ცალკე პროექტი, რომელშიც საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ, ხელოვნების მუზეუმის ფონდები ბოლო რამდენიმე ათეული წელია არ განახლებულა. ილია პატაშურმა და არაერთმა სხვა მხატვარმა გადაწყვიტეს, რომ სახელმწიფოს სახსრები არ მიეღოთ სანაცვლოდ და არაერთი ტილო გადაეცათ საჩუქრად ხელოვნების მუზეუმისთვის. ამიტომაც ბატონ ილიას და ყველა იმ მხატვარს, რომელმაც 2021 წლის განმავლობაში ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად ნახატები გადასცა, მინდა, მადლობა გადავუხადო და ყველა ხელოვანს ბედნიერი შობა-ახალი წელი ვუსურვო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ნახატები, რომლებიც ილია პატაშურმა ხელოვნების მუზეუმს გადასცა, ეროვნულ გალერეაში მისი პერსონალური გამოფენის „ფხოვის ზარები" ფარგლებში იყო წარმოდგენილი. გამოფენა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 17 ნოემბრიდან 17 დეკემბრამდე პერიოდში გაიმართა და მის ფარგლებში დამთვალიერებელმა მხატვრის 120 ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა) იხილა. გამოფენისთვის ასევე მომზადდა და გამოიცა ილია პატაშურის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კატალოგი.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ გალერეაში ილია პატაშურის გამოფენის მოწყობა კულტურის მინისტრის ინიციატივით გახდა შესაძლებელი. თეა წულუკიანმა 18 მაისს, მუზეუმთა საერთაშორისო დღეს მხატვრებს ეროვნული გალერეიდან მიმართა და აცნობა, რომ მათი მრავალწლიანი თხოვნა დაკმაყოფილებულია, ე.წ. ცისფერი გალერეა მხატვრებს უბრუნდება და მათ კვლავ ექნებათ გალერეაში საკუთარი გამოფენების მოწყობის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას 2021 წლის საგამოფენო კალენდარი ეროვნული მუზეუმის მიერ უკვე შევსებული დახვდა, ახალშექმნილი სამინისტროს ძალისხმევით, 2021 წლის გეგმაში ილია პატაშურის გამოფენის შეტანა მაინც გახდა შესაძლებელი.