პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით 81 ხმით მიიღო "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები.
პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებებით წესრიგდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი, ასევე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურის, საშტატო ნუსხასა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე მოსამართლის მიმართ გადაწყვეტილებების მიღების კვორუმთან და მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გურამ მაჭარაშვილმა მადლობა გადაუხადა განხილვაში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს - საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ.
"ის, რომ თქვენი შენიშვნების რაღაც ნაწილი გავითვალისწინეთ, არის დემოკრატიისა და რეფორმების შემადგენელი ნაწილი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.
კანონში შესულ ცვლილებებს აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. "
დემოკრატიის ინდექსი - საქართველო", დამოუკიდებელი იუტისტების ჯგუფი და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს საერთო სასამართლოების კანონში შესატან ცვლილებებს, ვინაიდან მათ თქმით, ის მნიშვნელოვნად ზღუდავს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და აუქმებს რეფორმის ოთხი ტალღის შედეგებს.
იურისტები გამოყოფენ პრობლემურ საკითხებს:
• კანონპროექტით შესაძლებელია იუსტიციის საბჭოს მხოლოდ მოსამართლე წევრების მიერ მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება. აღნიშნული წესი ასევე წარმოადგენს რეფორმის "ტალღებამდე" არსებულ რედაქციას. საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულია, რომ განსაკუთრებით დისციპლინირების საკითხებზე, საბჭოს მხოლოდ მოსამართლე წევრების მიერ გადაწყვეტილებების მიღება აღვივებს კორპორატივიზმს სასამართლო სისტემაში.
• კანონპროექტი აუქმებს აკრძალვას, რომლის მიხედვითაც პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორჯერ. აღნიშნული დანაწესის გაუქმება ზღუდავს საბჭოში მოსამართლეთა და საზოგადოების წარმომადგენლების მრავალფეროვნებას და ხელს უწყობს მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს შეინარჩუნონ გადამწყვეტი ადმინისტრაციული პოზიციები სასამართლო სისტემაში. აღნიშნული ცვლილებაც 2012 წლამდე არსებულ მოდელზე დაბრუნებას გულისხმობს.
• კანონპროექტი შეიცავს საგანგაშო ნორმას, განსახილველ საქმეებიდან მოსამართლის ჩამოცილების შესაძლებლობის შესახებ მის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრიდან საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რითიც ქმნის მოსამართლის საქმიანობაში უხეში სუბიექტური ჩარევის რისკებს.