ადამიანი, რომელიც რეალურად არც შიმშილობდა, ამბობს, რომ მას მთელი ცხოვრება თურმე გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს, - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გორის ჰოსპიტალში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დასრულდა.
"მკურნალობა დასრულდა ორი კვირის წინ, რაზეც არსებობს ოფიციალური დასკვნა. ელენე ხოშტარია ნამდვილად შიმშილობდა და მას ჰქონდა უფრო რთული მდგომარეობა თავის დროზე, როცა დაასრულა შიმშილობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს. უკვე გასულია ლამის ერთი თვე და ელენე ხოშტარია ხან ერთ აქციაზეა, ხან მეორეზე და არანაირი პრობლემა არ აქვს. როდესაც ადამიანი, რომელიც რეალურად არც შიმშილობდა, მერე ამბობს, რომ მას მთელი ცხოვრება თურმე გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს არის აშკარად დისკრიმინაციული მიდგომა", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძე აღნიშნავს, იმ დანაშაულების ფონზე, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, მისთვის მისჯილი 6 წელი ძალიან მოკრძალებული სასჯელია.
"მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა. მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხარისხის მიუხედავად, მას შეფარდებული აქვს საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი – ექვსი წელი, რაც არის მათ შორის ჩვენ მიერ შეცვლილი კანონმდებლობის დამსახურება და მან ბუნებრივია, ამისთვის სასჯელი უნდა მოიხადოს. შურისძიებას არ ნიშნავს ის, როდესაც კანონის წინაშე ადამიანი არის თანასწორი. არიან ადამიანები, რომლებსაც ბევრად მსუბუქი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და აქვთ შეფარდებული ზოგს რვა წელი. მაგალითად, ერთ-ერთი შემთხვევა უკავშირდებოდა ერთ-ერთ ყოფილ მერს და კორუფციული სამართალდარღვევისთვის მას შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მოცულობა ამ საქმის, მათ შორის თანხობრივად, იყო ბევრად ნაკლები. კაცმა იქ 9 მილიონი იქურდა, იქ ადამიანის წამება შეუკვეთა, ტელევიზია მიიტაცა, ხალხს აწამებდა ციხეებში და ა.შ. ამისთვის 6 წელი არის არაფერი", - განაცხადა კობახიძემ.