ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
გვარამიას თქმით, გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის დროს მიხეილ სააკაშვილზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი კლინიკიდან ყალბი დიაგნოზით გაწერეს.
"ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. სააკაშვილი ძალიან დაუძლურებული იყო, მას მიაკითხა ბევრმა ადამიანმა, მიაკითხეს ეტლით, ჩასვეს ეტლში. მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ჯერ ერთი, იყო გაბრუებული, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა. როგორც მითხრა, მიხვდა, რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა, უარესი დამართნოდა, რის გამოც მას წინააღმდეგობა არ გაუწევია", – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.