26 დეკემბერს, ლიბიის დაზვერვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყნის დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე 28 მიგრანტის ცხედარი გამოირიყა. როგორც ჩანს, მანამდე მიგრანტების ნავი ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას ჩაიძირა.
მედიის ინფორმაციით, მიგრანტების ცხედრები "წითელი ნახევარმთვარის" თანამშრომლებმა დედაქალაქ ტრიპოლიდან დაახლოებით 90 კილომეტრში აღმოაჩინეს.
როგორც იუწყებიან, სამი მიგრანტის გადარჩენა მოხერხდა.
ვარაუდობენ, რომ, ცხედრების დაზიანებების გათვალისწინებით, ნავი რამდენიმე დღის წინ ჩაიძირა.
მრავალწლიანი კონფლიქტებით, სიღარიბითა და უსამართლობით დამძიმებული ლიბიელები ერთადერთ ხსნას ქვეყნიდან გაქცევასა და ევროპაში თავშესაფრის მიღებაში ეძიებენ. ლიბიელები ხშირად გადატვირთული, ხანგრძლივი ნაოსნობისთვის გამოუსადეგარი ხომალდებით ცდილობენ ქვეყნიდან გაქცევას, რაც ხშირად ფატალური შედეგებით სრულდება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, წელს 1500 ადამიანი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას. ორგანიზაციის ცნობით, ამავე პერიოდში, 30 000-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს და დააბრუნეს ლიბიაში.
ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს ლიბიის სანაპირო დაცვასთან, რათა შეამციროს მიგრანტების რაოდენობა ევროპის სანაპიროებზე.
ფოტო: AP (არქივი)