ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა შესაძლოა 2022 წლის 12 იანვარს გაიმართოს. იუწყება Deutsche Welle ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ნატო-ს წარმომადგენლის თქმით, ალიანის გენერალური მდივანი სტოლტენბერგი საბჭოს სხდომის საკითხზე რუსეთთან კონტაქტზე იმყოფება. მოსკოვს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი შესაძლო ვადებთან დაკავშირებით.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, 12-13 იანვარს ბრიუსელი უმასპინძლებს ნატოს სამხედრო კომიტეტის მაღალი დონის შეხვედრას ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის შტაბების უფროსების დონეზე.
სამხედრო კომიტეტი ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის სამხედრო რჩევების მთავარი წყარო. მისი ამოცანაა ნატოს ხელმძღვანელი პოლიტიკური ორგანოებისთვის სამხედრო საკითხებში მხარდაჭერის აღმოჩენა და მათი კონსულტირება. არის ნატოში გადაწყვეტილების მიღების და კონსულტაციების პროცესის საერთო სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი.
24 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვმა მიიღო შეთავაზება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან იანვარში ელჩების დონეზე ნატო-რუსეთის საბჭოს გამართვის შესახებ და განიხილავს მას.
ზახაროვას თქმით, შესაძლო შეხვედრის ფორმატი და დრო ჯერ არ არის განსაზღვრული. "მაგრამ ჩვენ, როგორც ვთქვი, ღია ვართ დიალოგისთვის", - დასძინა მან.
სტოლტენბერგმა 21 დეკემბერს განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან შექმნილი დაძაბულობის განსახილველად სურს, მოიწვიოს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. საბჭოს ბოლო სხდომა 2019 წლის ივლისში გაიმართა.
შეგახსენებთ, 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა წინადადებები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უარი უნდა თქვას აღმოსავლეთით გაფართოებასა და ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღებაზე, ასევე უარი თქვას უკრაინასა და საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობაზე.