კანარის არქიპელაგის შემადგენელ კუნძულ ლა პალმაზე ვულკან კუმბე-ვიეხადან ლავის ამოფრქვევა შეწყდა. ვულკანის ამოფრქვევის შეწყვეტა ოფიციალურად ესპანეთის ხელისუფლებამ, 25 დეკემბერს, ვულკანის მოქმედების დაწყებიდან სამი თვის შემდეგ განაცხადა.
"ამოფრქვევა გაგრძელდა 85 დღე და 18 საათი", - თქვა ხულიო პერესმა, კანარის კუნძულების საჯარო ადმინისტრირების, იუსტიციისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაშავებულთა ან მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ნოემბერში ესპანური მედის იუწყებოდა ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის გარდაცვალებაზე. მედიის ცნობით, 72 წლის მამაკაცი კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარე სახლის სახურავიდან ვულკანურ ფერფლს ასუფთავებდა, როდესაც ნაგებობა ფერფლის სიმძიმის გამო ჩამოინგრა.
ამოფრქვევის დროს ლავის ნაკადებმა გაანადგურა 1345 საცხოვრებელი სახლი, ძირითადად კუნძულ პალმას დასავლეთ ნაწილში, ასევე სკოლები, ეკლესიები, სამედიცინო ცენტრები და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა.
ხილული ვულკანური აქტივობა თითქმის მთლიანად შეჩერდა 13 დეკემბერს, მაგრამ ექსპერტები არ ჩქარობდნენ ოფიციალურ დადასტურებას, რადგან სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ არ განახლდებოდა.