მთავარი არის ის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ მინიმალური ევროპული პოლიტიკური სტანდარტი - როდესაც თუნდაც უმნიშვნელო პოლიტიკური დანაშაულს ჩადის პოლიტიკოსი ის პოლიტიკიდან გადის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობს“ უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და ამისთვის ქართულ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.
„შერიგება ხდება ორ მხარეს შორის, რომლებმაც ერთმანეთს რაღაცა დაუშავეს. ამ შემთხვევაში არის ერთი მხარე, რომელმაც მეორე მხარეს დაუშავა რაღაც. ამ მეორე მხარეში ჩვენს პარტიას არ ვგულისხმობ, მათ ქართულ საზოგადოებასა და ჩვენს ქვეყანას დაუშავეს. ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი ვართ რომ დავიცვათ საზოგადოების და ქვეყნის ღირსება, როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ. ასეთ დროს, როდესაც ერთი მხარეა დამნაშავე და არა ორივე, ბუნებრივია საუბარი შერიგებაზე ვერ იქნება, საუბარი შეიძლება იყოს შენდობაზე. შენდობასაც აქვს თავისი წინაპირობა - აღიარება და იმის თქმა, რომ მათ აქვთ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, მათ ამისათვის რა თქმა უნდა ბოდიში უნდა მოიხადონ არა „ქართული ოცნების“ წინაშე, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება ის, რომ ისინი უნდა გავიდნენ პოლიტიკიდან არა იმისთვის, რომ ვიღაცას მათი ეშინია, არამედ მთავარი არის ის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ მინიმალური ევროპული პოლიტიკური სტანდარტი - როდესაც თუნდაც უმნიშვნელო პოლიტიკური დანაშაულს ჩადის პოლიტიკოსი, ის პოლიტიკიდან გადის.
როცა სააკაშვილზეა საუბარი, როცა ყოველმხრივ არის დამტკიცებული მაგალითად ვალერი გელაშვილის წამების ფაქტი, რაც მიხეილ სააკაშვილმა დაუკვეთა, იგივე 7 ნოემბრის, „იმედის“ მიტაცების, 9 მილიონის გაფლანგვის ამბავი, ეს ხომ მტკიცებულებითაა დადასტურებული და ამის მერე, კიდევ რომ გაქვს ამბიცია, რომ შენ დარჩე პოლიტიკაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ არ ვართ ცივილიზებული ევროპული სივრცის შემადგენელი ნაწილი და არ გვაქვს ამის პრეტენზია და ამბიცია. ჩვენ უნდა გამოვხატოთ სწორედ ეს ცივილიზებული ამბიცია - რომ ჩვენ ვართ ევროპული სივრცის შემადგენელი ნაწილი, სადაც ეს ელემენტარული მინიმალური სტანდარტი მოქმედებდეს. ამის ამბიცია თუ არ გვექნება, ვერასდროს გავხდებით ევროპული ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.