შალვა პაპუაშვილს აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ სათანადოდ შეასრულოს პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქცია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
„შალვა პაპუაშვილი იყო და არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, აქედან გამომდინარე როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ ლიდერს, ბუნებრივია ის აფიქსირებს მუდმივად თავის პოზიციას და რა თქმა უნდა, ეს პოზიციები იყო მკაფიო, მკვეთრი, მაგრამ შალვას არასდროს, წითელი ხაზი არ გადაუკვეთია. აქედან გამომდინარე, მას აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ სათანადოდ შეასრულოს პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქციაც სამომავლოდ.
მომავალშიც, ბუნებრივია, შალვა პაპუაშვილი როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თავის ანალოგიურ პოზიციებს დააფიქსირებს. ერთადერთი შეზღუდვა, რაც აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს არის ის, რომ საპარლამენტო მუშაობის გაძღოლისას, იგივე სხდომის წაყვანისას ის უნდა იყოს ნეიტრალური და ეს დაცული იქნება შალვას მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა. მის შემცვლელად მმართველი პარტია პარლამენტს შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარუდგენს.