გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "შაბათის ქრონიკაში" განაცხადა.
„გუნდი რომ ერთიანია, ეს ჩვენ დავამტკიცეთ გასული ერთი წლის განმავლობაში. გვქონდა ძალიან რთული ერთი წელიწადი. იყო ძალიან სერიოზული გამოწვევები და ჩვენ გვჭირდებოდა სერიოზული ბარიერების გადალახვა. გუნდი ერთსულოვანი და ერთიანი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც "ქართული ოცნების" გუნდი დატოვა მისმა უპირობო ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალი.
ასეთ დროს, როდესაც განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალის მქონე ლიდერი ტოვებს გუნდს, ერთადერთი, რამაც შეიძლება დააბალანსოს ეს დანაკლისი, არის გუნდის ერთიანობა. ჩვენ ამ ერთ წელიწადში დავამტკიცეთ, რომ გუნდი არის ერთიანი. სწორედ ამის წყალობით მოვახერხეთ მუნიციპალურ არჩევნებში ისეთი შედეგის ჩვენებას, რომელსაც ჩვენი ოპონენტები არ ელოდნენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.