ირანის შეიარაღებულმა ძალებმა, ხუთდღიანი სამხედრო წვრთნების დასასრულს, ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 24 დეკემბერს, ქვეყნის სამხრეთში გამართლი წვრთნები დასრულდა 16 ბალისტიკური რაკეტის ერთდროული გაშვებით, წინასწარ განსაზღვრულ სამიზნეზე.
მათივე ცნობით, გამოცდას ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები ესწრებოდნენ, მათ შორის, ისლამური რევოლუციის გუშაგთ კორპუსის მეთაური გენერალ-მაიორი ჰოსეინ სალამი, ასევე ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი მოჰამად ჰოსეინ ბაქერი.
ბაქერის განცხადებით, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა გაფრთხილება უნდა იყოს ისრაელისთვის. მისი თქმით, ირანს აქვს ასობით რაკეტა, რომელსაც ძალუძს, გაანადგუროს ქვეყანა, რომელიც ირანზე თავდასხმას გაბედავს.
გუშაგთა კორპუსის მეთაურმა ჰოსეინ სალამიმ მუქარა გააჟღერა ისრაელის მიმართ და აღნიშნა, რომ ირანში ჩატარებული მანევრები არის "ყველაზე სერიოზული გაფრთხილება სიონისტური რეჟიმის წარმომადგენლებისთვის". "თუ [ისრაელის მთავრობის წევრები] მცირე შეცდომას დაუშვებენ, ჩვენ მათ ხელებს მოვკვეთთ", - განაცხადა სალამიმ.
სამხედრო წვრთნები "დიდი წინასწარმეტყველი" 20 დეკემბერს დაიწყო სპარსეთის ყურეში გასასვლელის მქონე ირანის სამ პროვინციაში: ბუშერში, ჰორმოზგანსა და ხუზესტანში.
ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა მკაცრად დაგმო გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ლონდონის განცხადებით, ბალისტიკური რაკეტები საფრთხეს უქმნის რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას და არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.